პატარა პაციენტები შესაბამის გარემოში ისწავლიან
18.09.2013
,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება განხორციელდება. დღეს, იაშვილის კლინიკაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ ის სასწავლო გარემო დაათვალიერეს, სადაც ლეიკემიით დაავადებულ ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებს, სწავლის საშუალება ექნებათ. სასწავლო ოთახს და მის ფუნქციებს გაეცნენ საქართველოში მყოფი პიცბურგის(აშშ) საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიური მიმართულების პროფესორებიც.

მოზარდებს, რომელთაც თვეობით უწევთ სკოლის გაცდენა, საგანმანათლებლო სერვისი ჰოსპიტალთან ახლომდებარე 147-ე საჯარო სკოლიდან მიეწოდებათ. 147-ე საჯარო სკოლიდან კლინიკაში ივლიან პედაგოგები, რომლებიც  ბავშვებს  შესაბამის გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

სასწავლო ოთახი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით აღიჭურვა. ამჟამად, ჰოსპიტალში მკურნალობა  27 ბავშვს უტარდება, აქედან 14  სკოლის ასაკისაა ( ბავშვების რაოდენობები იცვლება). 

მულტიდისციპლინალური გუნდის მიერ მოხდა ბავშვების შეფასება და მათი ინტერესების  გამოკვეთა, ჯგუფის წევრები ჰოსპიტალში შეხვდნენ 147-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს,  მშობლებს  და მათ შესაბამისი კონსულტაცია გაუწიეს. სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისა და სრულფასოვანი მომსახურების მიზნით, მშობლის, პედაგოგებისა  და მულტიდისციპლინური გუნდის თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიქმნება,რომელიც  მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე ყველა დამატებით აქტივობას.

საგანმანათლებლო პროცესის  წარმართვას დახმარებას გაუწევს ფსიქოსოციალური სამსახური, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებს, ასევე, უცხო ენების შემსწავლელმა  (ონლაინ) კომპანიამ მოსწავლეებს ინგლისური ენის უფასო პაკეტი გადასცა.  

ერთობლივი პროექტის  მიზანია, მკურნალობის დამთავრების შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების სოციუმში ინტეგრაცია, რათა საზოგადოებას  სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.