სკოლამდელი განათლების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
28.09.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით სკოლამდელი განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია “სკოლამდელი განათლება საქართველოში - რეალობა და პერსპექტივები” გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა.

კონფერენციის მიზანი იყო სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და რეკომენდაციების შემოთავაზება, რომლებიც გათვალისწინებული იქნება სკოლამდელი განათლების ერთიანი სახელმწიფო ხედვისა და პოლიტიკის შექმნის პროცესში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები შემდეგ საკითხებზე:

  1. სკოლამდელი განათლების მართვა და ორგანიზება;
  2. სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა;
  3. სკოლამდელი განათლების სასწავლო და სააღმზრდელო პროგრამები.

გარდა ქართველი ექსპერტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა, კონფერენციას ასევე, ესწრებოდნენ სკოლამდელი განათლების პოლონელი ექსპერტები, რომელთაც მიმოიხილეს მათი საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი პერიოდის საქმიანობები და ქართველ კოლეგებს გაუზიარეს პოლონეთის გამოცდილება სკოლამდელი განათლების სფეროში.

კონფერენციის შემდგომ, ოქტომბრის თვეში, საქართველოს უნივერსიტეტების ადრეული განათლების ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ვორქშოფი გაიმართება, რომელიც სკოლამდელი განათლებით დაინტერესებულ სტუდენტებს ამ სფეროში არსებული სიახლეებისა და კვლევების გაზიარების საშუალებას მისცემს.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემატიკის გამოკვეთას, ხოლო შემუშავებული რეკომენდაციები საფუძველს ჩაუყრის იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც  აღნიშნულ სფეროში უნდა განხორციელდეს და გათვალისწინებული იქნება სკოლამდელი განათლების საკანონმდებლო ბაზის გამართვის პროცესში.