პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მესამე ნაკადის 114
მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა. მოხალისე პედაგოგები ორი აკადემიური სემესტრის
განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან
სკოლებში მოღვაწეობდნენ და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.
პროგრამას „ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის“ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ახორციელებს. პროექტი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური
უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის
არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების წარგზავნაა.
პროგრამის
მონაწილე მოხალისე მასწავლებლები ადგილობრივ ოჯახებში
ცხოვრობენ და ქართულის გაკვეთილებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები
ჩართულნი ჰყავთ არაფორმალურ განათლებაშიც, შექმნილი აქვთ კლუბები, ხოლო
ოჯახში თანაცხოვრების დროს ოჯახის წევრებს ქართული ენის სწავლაში ეხმარებიან.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია,
რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური
წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო,
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა
პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა
მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.
ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში,
გამოცხადებულია რიგით მე-6 შესარჩევი კონკურსი. შერჩეული მონაწილეები იცხოვრებენ
ადგილობრივ ოჯახებში და მინიმუმ ორი სასწავლო სემესტრის მანძილზე იმუშავებენ არაქართულენოვან
საჯარო სკოლებში.