ლია გიგაური სამთავრობო კომისიას ანგარიშს წარუდგენს
04.10.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის წევრი ლია გიაგური დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იყოფებოდა, კერძოდ, სოფელ ქვეშში, დიცსა და ერგნეთში. ლია გიგაური სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო მთელი წლის განმავლობაში ეცნობოდა და ადგენდა ამ რეგიონში არსებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ და სასწავლო-საგანმანათლებლო საჭიროებებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს  უკვე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მომავალი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა.

ლია გიგაურმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიმდინარე სოციალური პროგრამები და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვა  მნიშვნელოვანი პროექტები გააცნეს.

სამთავრობო კომისიის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე ლია გიგაური კომისიის წევრებს ანგარიშს წარუდგენს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე საჯარო სკოლებში არსებულ  მდგომარეობასთან, სკოლების გათბობის, მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და  სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.