საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებს შეხვდა და ის
სიახლეები გააცნო, რომელიც სამინისტრომ სასწავლო პროცესში ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. მინისტრმა მათ ისტ მასწავლებელთათვის გამოცხადებული ბლოგების
კონკურსის თაობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ასეთი კონკურსი წელს
პირველად ტარდება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება.
კონკურსის - „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“
მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების
გზით, სასწავლო პროცესის ხარისხის, ისტ მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა
და მათი მოტივაციის ამაღლება. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ცხოვრებაში
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია პროგრესი,
ანალოგიური შინაარსის კონკურსების ორგანიზება და მონაწილეთა წახალისება მნიშვნელოვანია.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ, სკოლების
ელექტრონულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა,
სკოლებს შორის ქსელების შექმნა და
საგანმანათლებლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური
გამოყენების ხელშეწყობაა.
სამინისტროს ძალისხმევით
თითქმის ყველა საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პრობლემა გადაჭრილია. იმ ერთეულ
სკოლებში კი, სადაც ჯერ კიდევ ინტერნეტი დაბალი სიხშირით მიეწოდებათ, სამინისტრო
გამაძლიერებელი აპარატურის მონტაჟს უზრუნველყოფს. ინტერნეტის პრობლემა არსებობდა
ძეგვის საჯარო სკოლაშიც, სადაც შეხვედრა გაიმართა. ამავე დღეს, სამინისტროს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა ძეგვის სკოლაში
გამაძლიერებელი დაამონტაჟეს.
სკოლების
ინტერნეტიზაცია ხელს შეუწყობს:
- სკოლების განათლების
საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და
სიახლეების სწრაფ გავრცელებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
- სკოლების
ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში ინტეგრაციას;
- განათლების სისტემის
სხვადასხვა რგოლებს შორის სწრაფ და უწყვეტ უკუკავშირს;
- ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში, რითაც სასწავლო
პროცესი უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური გახდება;
- აამაღლებს
მოსწავლეთა მოტივაციას, საშუალებას მისცემს ინფორმაციის პასიური მიმღებნი კი არ
იყვნენ, არამედ თავად მოახდინონ სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნა.
განუვითარებს მათ ინფორმაციის
მოძიების, დამუშავებისა და შეფასების, კომუნიკაციისა
და თანამშრომლობის უნარებს;
- სხვადასხვა ტიპის
მრავალფეროვანი მეთოდური და სასწავლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობას;
- ელექტრონული
ლაბორატორიების გამოყენებას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
- პედაგოგებს შორის
ინფორმაციისა და მასალების გაცვლას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ქვეყნის
შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სკოლებს შორის კავშირების დამყარებას.
კონკურსის
- „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში“ თაობაზე სრული ინფორმაცია განთავსებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge.