საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბათუმში მასწავლებლის სახლი
გახსნეს. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მიმდინარე ტრენინგებს
დაესწრნენ და პედაგოგებს გაესაუბრნენ.
ბათუმის მასწავლებლის სახლი
აჭარის განათლების ფონდის ბაზაზე გაიხსნა. აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში
7000-ზე მეტი მასწავლებელია დასაქმებული. ბათუმის მასწავლებლის სახლი
თითოეულ მათაგანს მოემსახურება, სადაც ერთდროულად ორასამდე პედაგოგის
გადამზადებაა შესაძლებელი. ადგილზე ტრენინგების გარდა ჩატარდება
სემინარები, მასტერ-კლასები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.
ახალი მასწავლებლის სახლის შინაარსობრივ მხარეს სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმართავს, კერძოდ:
• უზრუნველყოფს შერჩეული ტრენერების მომზადებასა და პროფესიული განვითარებას;
• ხელს შეუწყობს ტრენერების თანამშრომლობას ცენტრში დასაქმებულ შესაბამისი საგნის კონსულტანტებთან;
• ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების ჩასატარებლად ცენტრი
უზრუნველყოფს მის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულების მიწოდებას
ტრენერებისათვის;
• რეგულარულად მიაწვდის ფონდს ცენტრის პერიოდული გამოცემების რამდენიმე ეგზემპლარს;
• საჭიროების შემთხვევაში, ფონდის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში ჩართვებიან ცენტრის თანამშრომლები და სხვ.
ბათუმის გარდა მასწავლებლის სახლები ქუთაისსა და თბილისში ფუნქციონირებს.
მომავალში პედაგოგებსთვის მასწავლებლის სახლების გახსნა საქართველოს სხვა
რეგიონებშიც არის დაგეგმილი.