საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი
04.12.2013
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სხვა ქვეყნების სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შედარება სხვა ქვეყნების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან მისი შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციების შესამუშავებლად.  სამიზნედ არჩეულ იქნა  7 ქვეყანა: ფინეთი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები (მასაჩუსეტსის შტატი), სინგაპური, ავსტრალია, ესტონეთი, ჩეხეთი.

სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი ავლენს როგორც საგულისხმო მსგავსებებს, ასევე განსხვავებებს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო სტანდარტებს შორის და ამ მხრივ შეუძლია სარგებელი მოუტანოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომ განვითარებას. სასწავლო გეგმების შედარებითი ანალიზი საშუალებას იძლევა, ერთ სიბრტყეზე განვათავსოთ ჩვენი და სხვა ქვეყნების სასწავლო სტანდარტები, შევაფასოთ მათი დადებითი მხარეები და გავიზიაროთ ამ ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება საკუთარი სასწავლო გეგმის დახვეწის პროცესში.

აღნიშნული მასშტაბური პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მასში მონაწილეობდნენ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მენეჯმენტი, საგნობრივი და დანერგვის ექსპერტები, ტექნიკური ასისტენტები.