ახალი სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება
18.12.2013
ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამა "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ('The organisation of a common two-year master programme in three Georgian universities on "European Integration and Employment Relations', EIGER) ამოქმედდება. საქართველოდან სამიზნე სასწავლო დაწესებულებებს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული და კავკასიის უნივერსიტეტები წარმოადგენენ. შესაბამისად, ეს იქნება ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მაგისტრანტებს სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღებს.

დღეს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტეში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარშვაშიძე დაესწრო.

პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში, სამაგისტრო პროგრამების შემდეგი ძირითადი მიმართულებები დაფინანსდება:
  • ეკონომიკის პოლიტიკა;
  • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები;
  • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი;
  • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში;
  • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრსისთ.

პროექტის უცხოელი პარტნიორები  არიან:

  • ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი);
  • პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი;
  • მაგდებურგის უნივერსიტეტი;
  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.
სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, უნივერსტეტების რექტორები, დამსაქმებელთა ასოციაციების, სავაჭრო პალატისა და პროფკავშირების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და პროფესორ - მასწავლებლები.