დონორთა 2014 წლის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
05.02.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (MCA - Georgia) ორგანიზებით, დონორთა 2014 წლის პირველი საკოორდინაციო შეხედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე უძღვებოდა და მასში  საქართველოში არსებული იმ საერთაშორისო, დიპლომატიური და დონორი ორგანიზაციების (აშშ საელჩო, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ევროკავშირი, მშვიდობის კორპუსი, ამერიკული საბჭოები, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითრების პროგრამა, გაეროს ბავშვთა ფონდი,  საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX), გოეთეს ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ), გერმანიიგერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელებიც სამინისტროსთან ერთად საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ.

საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი იყო  სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მიზნით დაფინანსებული პროექტების გაცნობა და ამ პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის გაცვლა. შესაბამისად, აღნიშული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც დონორებს შორის, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.

შეხვედრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები და პროექტები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატზე გადასვლას და საგანმანათლებლო სფეროს გაძლიერებას. აგრეთვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დონორების საკოორინაციო შეხვედრა არ იქნება ერთჯერადი და იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation) მეორე კომპაქტს ახორციელებს. აღნიშნული კომპაქტის ბიუჯეტი 140 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.