თამარ სანიკიძე დოქტორანტურის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებს შეხვდა
28.02.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იმ 135 დოქტორანტს შეხვდა, რომელთაც „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში“ გაიმარჯვეს. მინისტრმა გამარჯვებული სტუდენტების პროექტებზე პრეზენტაციებიც მოისმინა.

დოქტორანტთა ფინანსური მხარდაჭერისთვის დოქტორანტთა საგრანტო კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. დაფინანსდა ყველა სამეცნიერო მიმართულება: ქართველოლოგიის მეცნიერებები; ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები; საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები; მათემატიკური მეცნიერებები; ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; სამედიცინო მეცნიერებები; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; აგრარული მეცნიერებები.

დასაფინანსებელი პროექტის ხანგრძლივობა 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მაქსიმალური თანხა, რაც შეეძლო კონკურსში მონაწილე დოქტორანტს პროექტის დასაფინანსებლად მოეთხოვა  21 000 ლარს შეადგენდა. დაფინანსება ითვალისწინებს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

  • სწავლის საფასურს;
  • უცხო ენის ცოდნის ერთი დონით გასაუმჯობესებლად სწავლის საფასურს შემდეგ დაწესებულებებში:

              Goethe-Institut – Georgien,

              British Council Georgia,

              ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი;

  • საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკით ან სხვა ელ. რესურსით სარგებლობის ხარჯებს;
  • დისერტაციისათვის აუცილებელი ლიტერატურის შესაძენ ხარჯებს;
  • კომპიუტერული და სხვ ტექნიკური საშუალებების შესაძენ ხარჯებს;
  • ლაბორატორიული საშუალებების , საველე სამუშაოების ხარჯებს;
  • დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის ხარჯებს (კონფერენცია, კონგრესი, სემინარი, ვორკშოპი, ტრენინგი და სხვა.);
  • დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით უცხოეთში წელიწადში 3 თვემდე ვიზიტის ხარჯებს.
  • სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს.

თითოეულ პროექტს დამოუკიდებელი მაღალკვალიფიციური მეცნიერ-ექსპერტები აფასებდნენ. დაფინანსდა რანჟირებული სიის სათავეში მყოფი 135 დოქტორანტი. მათი დაფინანსება დაიწყო 2013 წლის ბოლოს.