საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იაშვილის
სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს
ეწვია, მათ დედებს დედის დღე მიულოცა, გაამხნევა და შვილების
გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მოკლე დროში
ისინი მშობლიურ სკოლასა და საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით იაშვილის კლინიკაში
სპეციალური სასწავლო ოთახი ფუნქციონირებს, რომელიც შესაბამისი ინვენტარით,
ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე
ლიტერატურით არის აღიჭურვილი. იაშვილის კლინიკაში მყოფ ბავშვებთან 147-ე
საჯარო სკოლიდან დადიან პედაგოგები, რომლებიც მათ შესაბამის გაკვეთილებს
უტარებენ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 147-ე საჯარო სკოლის 6 პედაგოგი
2013-2014 სასწავლო წლიდან რეგულარულად დადის და ლეიკემიით დაავადებულ 30
სხვადასხვა ასაკობრივ მოსწავლეს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
საგნობრივ გაკვეთილებს, მულტიდისციპლინურ გუნდთან და კლინიკის
ფსიქოლოგებთან ერთად უტარებს. პროექტის მიზანია, მკურნალობის დამთავრების
შემდეგ, მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად მოხდეს ამ ბავშვების
რეაბილიტაცია, რათა საზოგადოებას სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.