„განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების” პროგრამის „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში პროექტების მიღება დაიწყო
10.03.2014
მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისთვის მნიშვნელოვნია ფორმალური განათლების პარალელურად არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოება. მათ შორის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლება, საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა, მოსწავლეთა შემოქმედებით ღონისძიებებში ჩართულობა, სკოლის მოსწავლეების ინიციატივების წახალისება.

სკოლების ჩართვა სხვადასხვა დამატებით აქტივობებში უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს, ასევე აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას. ამ მხრივ, ეფექტური იქნება, თუ ამ ტიპის პროექტების განხორციელების ინიცირება მოხდება უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ან იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან აღნიშნული სფეროთი და აქვთ შესაბამისი გამოცდილება. ასეთი პრინციპი საშუალებას იძლევა შეირჩეს და დაფინანსდეს შედეგზე ორიენტირებული პროექტები. ხოლო დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში ზრდის მათ მოტივაციას, სკოლებში საინტერესო ინიციატივების განხორციელებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების წახალისების” პროგრამის „სასკოლო ინიციატივების წახალისების ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაიწყო პროექტების მიღება. პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია 2014 წლის 30 მაისის ჩათვლით. პროექტების წარმოდგენის უფლება აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს. ასევე კერძო ორგანიზაციებს თუ მათი თანადაფინანსების წილი შეადგენს 50%-ს და მეტს.

პროექტების წარმოდგენისა და დაფინანსების პირობები იხილეთ დანართში.