განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ლატვიასთან შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დინა დრუვიეტმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის
შეთანხმებას მოაწერეს ხელი და მზადყოფნა გამოთქვეს ითანამშრომლონ ზოგადი, პროფესიული,
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ზემოაღნიშნული
თანამშრომლობა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სასწავლო დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის
დამყარება;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება;
- ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დანერგვა;
- თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ბილინგვური
განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის ჩარჩოს, პროფესიული სტანდარტებისა და შრომის
ბაზრის კვლევის საკითხებში;
- განათლების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ საკითხებში
ინფორმაციის, ცოდნის, გამოცდილებისა და სასწავლო მასალების გაცვლის ხელშეწყობა;
- სასწავლო სტიპენდიების გაცემა სტუდენტებისა და აკადემიური
პერსონალისათვის ერთობლივ საზაფხულო სკოლებში
მონაწილეობის მიღების მიზნით;
- პარტნიორობის შენარჩუნება გაეროს განათლებისა და
მეცნიერების პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში;
- განათლების რეფორმის ფარგლებში, ინოვაციებისა (ინსტიტუციონალური
და პროგრამული აკრედიტაცია, ხარისხის უზრუნველყოფა) და აქტივობების დანერგვის
პროცესში თანამშრომლობა.
ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და მეცნიერების
მიმათულებით ტრენინგების, საერთაშორისო კონფერენციებისა და ვორქშოფების ორგანიზების
საკითხებში, განავითარებენ ასევე თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში, მათ შორის მონაწილეობას
მიიღებენ ერთობლივ სოციოლოგიურ კვლევებში, ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა, სტუდენტების,
პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერების გაცვლის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს
შორის შეთანხმებების გაფორმებას და სხვ.