ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ ნატოს კვირეულის ფარგლებში, ნატოს მოდელირების პროექტი წარმოადგინა თემაზე ,,ნატო, უკრაინის კრიზისი და საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი“. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის 28 სტუდენტმა წარმოადგინა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. არჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები ნატოს, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურისა და მუშაობის სპეციფიკის, თემატიკისა და დელეგატის ეთიკის შესახებ. ტრენინგები ჩაატარეს: საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში თორნიკე შარაშენიძემ და თსუ-ს საერთაშორისო სამართლის მაგისტრმა ვეკო დოდაშვილმა.
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მოდელირებისას არჩეულმა დელეგატებმა წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში წარმოადგინეს წევრი-ქვეყნების პოზიციები თემატიკასთან დაკავშირებით. შემდგომ მათ მიეცათ გონივრული ვადა კითხვების დასასმელად და დისკუსიისათვის. შემდეგ კი, არაფორმალური მოლაპარაკებები წარიმართა და კენჭისყრა და რეზოლუციის მიღება განხორციელდა. "ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ნატოს კვირეულის მნიშვნელობა და ამასთანავე, ბოლო დროს განვითარებული საერთაშორისო პოლიტიკური ცვილებები. ეს მოვლენები გვიჩენს მოლოდინს, რომ დაჩქარდეს საქართველოს ნატოსთან მისწრაფებების პროცესები. აქედან გამომდინარე, მივესალმები სტუდენტთა ასეთ დაინტერესებას ამ თემით. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ცოდნის გაღრმავებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, ფორმალური განათლების მიღების გარდა, მონაწილეობას იღებთ მსგავს პროექტებში“ – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ჟიურის მიერ გამოვლინდა 2 გამარჯვებული: ერთი საუკეთესო მოდებატე და ერთი საუკეთესო დიპლომატი ასევე, სხვა გამორჩეული მონაწილეებისთვისაც განსაზღვრული იყო სხვადასხვა ნომინაცია. ნატოს მოდელირებას დაესწრნენ – საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე, ნატოს სამეკაშვირეო ოფისის ხელმძღვანელი იულიამ ლაჰიუ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დოლიძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობა არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი გეგმავს და აწყობს დებატებს, დისკუსიებს,ტრენინგებს, კონფერენციებს, საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებებს, ინტელექტუალურ თამაშებს, იმიტირებულ პროცესებსა და სხვა საგანმანთლებლო-სამეცნიერო ღონისძიებებს.