ქართველი მოსწავლეები ბრიტანულ სკოლებში
16.04.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში HMC და NCN პროექტებში გამარჯვებული კანდიდატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებიც ბრიტანულ სკოლებში ერთწლიან კურსს გაივლიან, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სერტიფიკატები გადასცა.

HMC (Headmasters’ and Headmistresses’ Conference) არის მრავალი წამყვანი დამოუკიდებელი სკოლის დირექტორთა ასოციაცია გაერთიანებულ სამეფოში. HMC Projects წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს სტუდენტებს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ისწავლონ და დაამყარონ კონტაქტები თავიანთ ბრიტანელ თანატოლებთან გაერთიანებულ სამეფოში, რათა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე. შედეგად, ამ დროისთვის, უკვე 3000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო 100%-იანი სტიპენდია ბრიტანულ სკოლებში ერთწლიანი კურსის გასავლელად. ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, არა მხოლოდ სტუდენტები ვითარდებიან, არამედ ეს პროექტი  ხელს უწყობს ბრიტანული სკოლების განვითარებასაც. პროექტის ფარგლებში,  სტუდენტები სწავლობენ სხვადასხვა დამოუკიდებელ და პრესტიჟულ სკოლებში.

პროექტი საქართველოში კომპანია „Unique Learning”-ის მხარდაჭერით მეორე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 2014 წლის კონკურსის საფუძველზე, 16 გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდა.

NCN (New College Nottingham) არის წამყვანი ბრიტანული სახელმწიფო კოლეჯი, რომელმაც წელს პირველად განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აფინანსებს წარჩინებული და ნიჭიერი ქართველი მოსწავლეების A-Level კურსზე სწავლებას მათ კოლეჯში. 2014 წელს კოლეჯმა შესარჩევი კონკურსის შედეგად 21 წარმატებული კანდიდატი გამოავლინა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა.