სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
19.04.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისთვის, სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდება.

უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლების რეაბილიტაცია სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, ასეთ უნივერსიტეტებს განეკუთვნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1990 წელს დაარსდა და 2013 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსით ფუნქციონირებს.

უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები განთავსებულია ახალციხესა და ახალქალაქში. დღეისათვის, ახალქალაქში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები. ჯავახეთი უაღრესად მწვავედ განიცდის  სახელმწიფო ენის მცოდნე  მასწავლებელთა დეფიციტს, ამიტომ უნივერსიტეტში იგეგმება დაწყებითი განათლების საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების პროგრამების განხორციელება, ელექტრიკოსებისა და შემდუღებლების პროფესიული პროგრამების ამოქმედება, ვეტერინარული და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მომსახურებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრების მომზადება.

ზემოაღნიშნული პროფესიული პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს ახალქალაქში სტუდენტი-ახალგაზრდობის მოზიდვას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. თუმცა, უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლი ამ ეტაპზე მთლიანად გაძარცვულია, მოშლილია საინჟინრო კომუნიკაციები (წყალმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის, ელექტრომომარაგების, გაზიფიკაციის ქსელები).

 იმის გამო, რომ ადგილზე არ არსებობს აკადემიური ხარისხის მქონე პერსონალი, პროფესორ-მასწავლებელთა სრული შემადგენლობა ყოველდღე  დადის  ახალციხიდან ახალქალაქში. თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებლის არსებობა ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისთვისაც  საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას.