ევროკავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05.05.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ევროკავშირის შეფასების ჯგუფის წევრებს - ევროკავშირის განათლებისა და პროფესიული ტრენინგების საერთაშორისო ექსპერტს ჟან ფრანსუა ბერნედესა და ევროკომისიის წარმომადგენელს საქართველოში ოლივერ რაისნერს შეხვდა.

შეხვედრა ევროკავშირის ახალი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2007-2013 წლებში საქართველოში განხორციელებული პროექტების დეტალურ ანალიზს გულისხმობს (მათ შორის იმ პროექტების, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელდა), რის საფუძველზეც მოხდება ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება სამომავლო ერთობლივი პროგრამების პროცესის გაუმჯობესებისათვის.

პროექტის მნიშვნელობას ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული მხარის პასუხისმგებლობა ევროკავშირის დახმარების პროგრამების ერთობლივად დაგეგმის, განხორციელებისა და შედეგების შეფასების პროცესში, რაც პირველ რიგში გულისხმობს პროექტების მონიტორინგთან და შეფასებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაძლიერებას, როგორც საერთო კოორდინაციაზე პასუხისმგებელ სტრუქტურაში, ასევე უშუალოდ პროექტების  განმახორციელებელ უწყებებში.