საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტებისთვის 2013 წლიდან აამოქმედა და სისტემატიურად ახორციელებს „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამებს“. დღეს, 2013-2014 სასწავლო წელს განხორციელებული ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 8 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია, რის შემდეგაც განხილულ იქნა განხორციელებული პროექტების აქტუალური მხარეები და სამომავლო პერსპექტივები. კონფერენციის საპატიო სტუმარი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პროექტი „ზაფხულისა და ზამთრის სკოლები“ სტუდენტებს თვითრეალიზებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს და მათ, კონკრეტული მიმართულებით, გაცილებით მეტ ცოდნას სთავაზობს, ვიდრე ერთი რომელიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები სწორედ იმ თემებს ირჩევენ, რაც მათი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ერთ თემაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო), ასევე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს. პროექტი ითვალისწინებს გამარჯვებული პროექტების გამოცემას და იგი ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესბული სტუდენტისათვის.
პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ცნობილი პროფესორები, მეცნიერები, ექსპერტები ხვდებიან, უტარებენ მასტერ-კლასებს, სემინარებს, უზიარებენ გამოცდელებას, რაც მათ მოტივაციის ამაღლებას და საინტერესო ექსპერიმენტებში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.
დღეს გამართული კონფერენციის მიზანი იყო კონფერენციის მონაწილეთა შეფასებების, შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული 2014-2015 სასწავლო წლის „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროექტზე“ მუშაობისას. თამარ სანიკიძის განცხადებით, კონფერენციის შემდეგ გაანალიზდება პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები და მომავალი სასწავლო წლისთვის პროექტი უფრო სრულფასოვნად და წარმატებით გაგრძელდება, მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სწორედ იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც რეგიონებიდან უფრო მეტი სტუდენტის ჩართულობას უზრუნველყოფს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.