ზაფხულისა და ზამთრის სკოლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა
16.05.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტუდენტებისთვის 2013 წლიდან აამოქმედა და სისტემატიურად ახორციელებს „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროგრამებს“. დღეს, 2013-2014 სასწავლო წელს განხორციელებული ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 8 გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია, რის შემდეგაც განხილულ იქნა განხორციელებული პროექტების აქტუალური მხარეები და სამომავლო პერსპექტივები. კონფერენციის საპატიო სტუმარი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ახალ საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულისა და ზამთრის სკოლები ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

პრემიერის შეფასებით, ასეთი პროგრამები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთო-ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების გზაზე. „სწორედ ამიტომაც არის განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებაში დაეხმარება. ჩვენი მთავრობა ძალას არ იშურებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ყველა პირობა შევუქმნათ განვითარებისა და ცოდნის რეალიზებისთვის. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდების, მე მჯერა თქვენი“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებს.

სამინისტროს მიერ ინიცირებული „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროექტის“ მიზანია, კონკურსის წესით დაფინანსდეს სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი პროექტები მეცნიერულად აქტუალურ და რელევანტურ თემებზე. მიმდინარე სასწავლო წელს შემდეგი პროექტები დაფინანსდა:

  1. "შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში" (ჩართული იყო 3 უნივერსიტეტის 24 სტუდენტი);
  2.  "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები"  (ჩართული იყო 7 უნივერსიტეტის 24 სტუდენტი);
  3. “ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში“ (ჩართული იყო 3 უნივერსიტეტის 20 სტუდენტი);
  4. ,,კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებაში''  (ჩართული იყო 6 უნივერსიტეტის 29 სტუდენტი)
  5. ,,სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები''  (ჩართული იყო ოთხი უნივერსიტეტის 62 სტუდენტი)
  6.  ,,რელიგიის კლასიკური კრიტიკიდან რელიგიის თავისუფლების იდეამდე'' (ჩართული იყო ილიას უნივერსიტეტის 9 სტუდენტი, მათ შორის უცხოელი სტუდენტები)
  7. ,,ალტერნატიული ენერგიის წყაროების გეოფიზიკური შეფასება'' (ჩართული იყო 8 უნივერსიტეტის 33 სტუდენტი)
  8.  ,,სწავლის ინოვაციური ორიენტირები'' (ჩართული იყო 5 უნივერსიტეტის 20 სტუდენტი)

პროექტი „ზაფხულისა და ზამთრის სკოლები“ სტუდენტებს თვითრეალიზებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას აძლევს და მათ, კონკრეტული მიმართულებით,  გაცილებით მეტ ცოდნას  სთავაზობს, ვიდრე ერთი რომელიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. პროექტის ფარგლებში,  სტუდენტები სწორედ იმ თემებს ირჩევენ, რაც მათი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. ერთ თემაზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო), ასევე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს. პროექტი ითვალისწინებს გამარჯვებული პროექტების გამოცემას და იგი ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესბული სტუდენტისათვის.

პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ცნობილი პროფესორები, მეცნიერები, ექსპერტები ხვდებიან, უტარებენ მასტერ-კლასებს, სემინარებს, უზიარებენ გამოცდელებას, რაც მათ მოტივაციის ამაღლებას და  საინტერესო ექსპერიმენტებში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

დღეს გამართული კონფერენციის მიზანი იყო კონფერენციის მონაწილეთა შეფასებების, შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა, რაც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული 2014-2015 სასწავლო წლის „ზაფხულისა და ზამთრის სკოლების პროექტზე“ მუშაობისას. თამარ სანიკიძის განცხადებით, კონფერენციის შემდეგ გაანალიზდება პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები და მომავალი სასწავლო წლისთვის პროექტი უფრო სრულფასოვნად და წარმატებით გაგრძელდება,  მთავარი აქცენტი გადატანილი იქნება სწორედ იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც რეგიონებიდან უფრო მეტი სტუდენტის ჩართულობას  უზრუნველყოფს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.