1. დღეს ბრიუსელში შედგა შეხვედრა ევროკომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრეზიდენტი ბაროზო და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონის საშინაო ვითარება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის არსებული ვითარება და სამომავლოდ ამ ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები.
2. ეს უპრეცედენტო შეხვედრა ნათლად ასახავს საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობას ევროკავშირთან. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი გადაწყვეტილება საქართველოსთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ, რითაც დაიწყება ახალი ეტაპი მათ ურთიერთობებში. გარდა ამისა, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ძირითადი პოლიტიკური, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობა და მიესალმა ამ მხრივ მიღწეულ წინსვლას. ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ განაცხადეს საერთო მიზანი, რაც გულისხმობს საქართველოს დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მხარეები იმედიანად უყურებენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულ რეჟიმში ხელმოწერას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და ვაჭრობისა და ინვესტიციების გააქტიურებას. ორივე მხარე მიესალმა მუშაობის დასრულებას ასოცირების დღის წესრიგზე, ანუ 2014-2016 წლებში მხარეთა შორის შეთანხმებული პრიორიტეტების ერთობლიობაზე, რაც დაეხმარება საქართველოს ხელშეკრულების განხორციელებისათვის მომზადებაში. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი.
3. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. ევროკომისია აღიარებს, რომ საქართველოს აქვს საერთო ისტორია და ღირებულებები ევროკავშირთან და რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ ღირებულებათა გატარება და დაცვა. ევროკომისია აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, ასევე მის ურყევ გადაწყვეტილებას, ააშენოს ნამდვილი და მყარი დემოკრატია.
4. ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები დაეფუძნება მათ ერთგულებას საერთო ღირებულებებისადმი, აგრეთვე რეფორმების გაგრძელებისა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფისადმი. ევროკომისია და საქართველოს მთავრობა ეთანხმებიან 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას იმავე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც დაცული იყო 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. ორივე მხარე ეთანხმება დემოკრატიული ოპოზიციის მნიშვნელოვან როლს საქართველოში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციის საქმეში.
5. ორივე მხარე ეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეთა შორის უშუალო კონტაქტების გააქტიურების, ევროკავშირისა და საქართველოს, კერძოდ კი მათი მოქალაქეების, დაახლოების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ევროკომისია მიესალმება საქართველოს პოლიტიკურ ნებას ამ პროცესთან დაკავშირებით და ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის კონტექსტში დღემდე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მოუწოდებს საქართველოს რეფორმების გაგრძელებისაკენ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ ყველა სფეროში, ადამიანის უფლებებისა და პირადი მონაცემების დაცვის ჩათვლით. ევროკომისია მიესალმება საქართველოს მიერ გარდამტეხი მნიშვნელობის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას. ევროკომისიამ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის შეძლებისდაგვარად სწრაფი წინსვლის მიღწევაში.
6. ევროკომისია აღიარებს გრძელვადიან რეფორმებს მართლმსაჯულების სფეროში. ორივე მხარე ეთანხმება შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობას ამ რეფორმების შედეგების შესანარჩუნებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და მათზე კონტროლის დონის ამაღლებაზე გამიზნული ზომების ჩათვლით. მხარეები ეთანხმებიან სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის აუცილებლობას. ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვეს თავის ერთგულებას უმცირესობათა უფლებებისა და რელიგიური ტოლერანტობისადმი. ამ მხრივ, ევროკომისია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასა და ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ სტრატეგიისა და გეგმის განხორციელებაში საქართველოს ხელისუფლებისათვის დახმარების გაწევის შეთავაზება.
7. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე საქართველოს მზარდ როლს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში. მხარეებმა აღიარეს ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნისა და ენერგორესურსების სხვა სატრანზიტო ინფრასტრუქტურების მნიშვნელობა, რომლებიც უშუალოდ აკავშირებს კასპიის ზღვის რეგიონს ევროკავშირთან და წვლილი შეაქვს ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციაში. ევროკომისია მიესალმა საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ენერგეტიკულ საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
8. ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ძირითადად, ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, ტურიზმი, განათლება და სამეცნიერო კვლევები. ევროკომისია აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ გრძელვადიან რეფორმებს ვაჭრობის სექტორში, რომლებიც ეხება კონკურენციის პოლიტიკას, შრომით უფლებებს, საკვები პროდუქტების უვნებლობას, ხარისხის ინფრასტრუქტურას და სხვ. საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს რეფორმები ასოცირების ხელშეკრულებისა და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ხოლო ევროკომისია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას საქართველოს მხარდაჭერისათვის.
9. ევროკომისია მიესალმება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას (საქართველო - 2020) და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს, რომელთა მიზანია მცირე და საშუალო წარმოების, მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარება საქართველოში. ევროკომისიამ აიღო ვალდებულება და საქართველოს მხარს დაუჭერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის განხორციელებისათვის აუცილებელ სამუშაოებში, ასევე იმ საქმეში, რომლის მიზანიცაა ბიზნესის ხელშეწყობა ასოცირების ხელშეკრულების გამო შექმნილ ახალ მარეგულირებელ გარემოში ადაპტირებაში და კონკურენტული კერძო სექტორის განვითარება. ორივე მხარემ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტირების განვითარებისათვის. ამ მხრივ, პრეზიდენტმა ბაროზომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სურვილი, დაესწროს ინვესტირების საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საქართველოს კონფერენციას, რომელიც გაიმართება თბილისში, 13 ივნისს.
10. საქართველოს მთავრობა მიესალმება ევროკავშირის გაცხადებულ გადაწყვეტილებას გაზარდოს საქართველოსათვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 2014-2017 წლებში, რაც დაკავშირებული იქნება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასთან. ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ფინანსურ ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებულია 19 მილიონი ევროს გამოყოფა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელშეკრულებათა მხარდაჭერის სამუშაო ჩარჩო- პროგრამისათვის", რომლის მიზანიცაა რეფორმების ხელშეწყობა ხელშეკრულების წარმატებული განხორციელებისათვის აუცილებელ სფეროებში. გარდა ამისა, ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის გამოყოფს დამატებით 30 მილიონ ევროს, აღმოსავლეთის პარტნიორობის პრინციპის „მეტი მეტისათვის" შესაბამისად, რითაც აღიარებს საქართველოს წინსვლას მტკიცე დემოკრატიისაკენ.
11. ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 2013 წლის აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საქართველოსათვის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის (46 მილიონი ევრო) დამტკიცების შესახებ. თანხები თანასწორად განაწილდება სესხებისა და გრანტების სახით. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით შეიძლება განახლდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაფინანსების ახალ პროგრამასთან დაკავშირებით.
12. ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხრიდან საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტების მოგვარების უზრუნველყოფისაკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა აქტიური ჩართულობის პოლიტიკის მნიშვნელობას, რომლის გატარების პროცესშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნება დაცული. ევროკომისია და საქართველოს მთავრობა ეთანხმებიან საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებას, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდება პრობლემათა პრაგმატული გადაჭრის გზებზე. ორივე მხარემ გამოთქვა უკიდურესი შეშფოთება იმ უარყოფითი შედეგების გამო, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოაქვს ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ადმინისტრაციული საზღვრების გაყოლებაზე. ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი ერთგულებას. ორივე მხარე მიესალმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერას, ხოლო ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად ამოქმედების საჭიროებას. საქართველომ დაუდასტურა ევროკომისიას, რომ მზად არის, გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა მისიასთან და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.
13. ევროკომისიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას შეთავაზებისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში სამხედრო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ევროკომისია მიესალმება ამ ინიციატივას როგორც საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების შესახებ ურყევი გადაწყვეტილების მკაფიო გამოხატულებას.
14. მხარებმა განიხილეს 17 მაისს დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურება. მათ ერთხმად გამოხატეს თანაგრძნობა სტიქიით დაზარალებულთა მიმართ. ევროკავშირმა გამოთქვა საქართველოსათვის დახმარების გაწევის მზადყოფნა ამ საგანგებო ვითარებაში.
15. ევროკომისია და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების მიზნით.