სამართლებრივი განათლების პროგრამის შედეგები შეაჯამეს
24.06.2014

ორგანიზაცია PH International, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის (GE CALLS)“. დღეს, პროგრამის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „სკოლის, პოლიციისა და თემის თანამშრომლობა დანაშაულის პრევენციისთვის“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. ერთობლივი პროექტის დონორია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიურო. პროგრამის ძირითადი კომპონენტებია:

  • სასკოლო პრევენციული პროგრამები
  • სათემო ინიციატივების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით
  • განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა
სასკოლო პრევენციული პროგრამების მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდისა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სამართალდამცავებს შორის ნდობის ჩამოყალიბების გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამართალდამცავები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები პროგრამის მონაწილე სკოლებში,  IX კლასელ მოსწავლეებთან, სასწავლო წლის განმავლობაში ერთობლივად ატარებენ სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს.

სათემო ინიციატივების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით - აღნიშნული კომპონენტის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით ეფექტური, ინოვაციური და მდგრადი სათემო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

 განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა - ამ კომპონენტის მიზანია საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერება, რაც არასრულწლოვან სამართალდამრღვევთა მიმართ აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების გამოყენების უმთავრესი ასპექტია.

პროგრამის ბენეფიციარები არიან შერჩეული სკოლების მოსწავლეები, დანაშაულის რისკის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნები, არასრულწლოვანი სამართალდამრღვევები და მათი ოჯახები. 

პროგრამის პარტინიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.