ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
07.07.2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს და გერმანიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორმა და წამყვა­ნმა სპეციალისტმა, ასევე პროფესორებმა ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუ­სელ­დორფის უნივერსიტეტებიდან.

პირველი კონფერენცია ადრონთა ფიზიკას მიეძღვნა და 2004 წელს ჩატარდა. თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტთან ერთად, მისი ორგანიზატორები იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი და UNESCO-ს ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო სკოლა იყო. კონფერენცია წარმატებული აღმოჩნდა, გახდა ტრადიციული და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა კონფერენციის ჩატარებას ხელი აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა შეუშალა.

2010 წელს კონფერენციას  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდა. პარალელურად გაჩნდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის იდეა (Georgian-German Science bridge connecting people and knowledge). 2014 წლისთვის კონფერენციის თემატიკა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების მნიშვნელოვანი არეალი. წლევანდელ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობას  ილიას უნივერსიტეტიც იღებს.

კონფერენციების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინანსებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში. თსუ სტუდენტები საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში ასრულებენ. ახლო მომავლისთვის წარმატებული დოქტორანტებისათვის დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მიცემს იქონიონ ორმაგი ხარისხის დიპლომი.