ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული რვა საუკეთესო მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, ისინი ორი კვირის განმავლობაში ინგლისური ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსს დიდი ბრიტანეთში, საზაფხულო სკოლაში გაივლიან. მოსწავლეები შეირჩნენ ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან საქართველოში’’, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის’’ ბაზაზე რამდენიმე წელია ახორციელებს.
ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლების პროგრამა წელს გაჯერებულია არა მხოლოდ ინგლისურ ენაში აკადემიური საათებით, არამედ არააკადემიური პროგრამებითაც, რაც მოიცავს როგორც სპორტულ აქტივობებს, ისე ინტელექტუალურ თამაშებს, ექსკურსიებს ისტორიულ თუ ღირსშესანიშნავ ადგილებში. მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში ასევე გაეცნობიან იქაურ ტრადიციებსა და კულტურას.
მიმდინარე წელს „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში, სამინისტრო შემდეგ აქტივობებს ახორციელებს :
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კონკურსების საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიიდან და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს 600 მოსწავლე.
ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა 4 ნაკადად მიმდინარეობს და თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 150 მოსწავლე იღებს. მოსწავლეებისთვის წყნეთში, „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე, ხორციელდება 3 კვირიანი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა, რომელიც მოიცავს აკადემიურ პროგრამას (ინტენსიური ინგლისური ენის კურსი არანაკლებ 20 საათი კვირაში) და დღის მეორე ნახევარში არააკადემიურ ინგლისურენოვან აქტივობებს.
600 მოსწავლიდან შეირჩევა 32 საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც 4 ნაკადად (თითო ნაკადიდან 8 მოსწავლე), 2 კვირის ვადით, ეტაპობრივად გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის მისაღებად.