ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აცხადებს
24.09.2014
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით გამოავლინოს 12-18 წლის საშუალო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი საუკეთესო ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც წარმოადგენენ პროექტებს ინოვაციებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგში. პირველ ადგილზე გასული ჯგუფი გაემგზავრება კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე (Annual Innovation Summit), რომელიც გაიმართება 2015 წლის აპრილში, აშშ–ში.  

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მიღწევებს აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ საერთაშორისო მეცნიერებთან თუ ორგანიზაციებთან, რაც დაეხმარებათ მათთან სამომავლო პარტნიორობის დამყარებასა და ცოდნის გამყარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ  მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ასახულია „საქართველო 2020“ სტრატეგიაშიც.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქის გვერდზე:  https://www.facebook.com/MCAinnovations

განაცხადის ფორმა: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის განაცხადის ფორმა

შევსებული განაცხადები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: mia@mcageorgia.ge 17 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ანა ბერძენაძე, პროგრამის კოორინატორი, მობილური: 557 57 56 88