ვილაპარაკოთ უცხო ენებზე და ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე
27.09.2014
ევროპული დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრმა ორგანიზაციებმა სკოლის მოსწავლეებს ევროპის სახლში უმასპინძლა, სადაც ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად კონკურსები, გაკვეთილები და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართა. ღონისძიებას ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ და გამარჯვებული კონკურსანტები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.

პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა კონკურსებსა და სადემონსტრაციო გაკვეთილებს, რომლებიც პარალელურ რეჟიმში იმართებოდა. მოსწავლეებს შეეძლოთ უკეთ გაცნობოდნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს, კონკურსების გამარჯვებულები კი, პრიზებით დასაჩუქრდნენ. 

ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა  და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამდენად, ევროპის საბჭო ფართო პოპულარიზაციას უწევს პლურილინგვიზმს მთელ ევროპაში. 

ღონისძიების მხარდამჭერი იყო - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო და ევროკავშირის  წარმომადგენლობა საქართველოში, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრო და  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.