საქართველოსა და გერმანიას შორის ახალი გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება
18.10.2014
მიმდინარე წელს თბილისის N21-ე საჯარო სკოლასა და გერმანიის ჰომბურგის ზაარპფალცის გიმნაზიას შორის  პარტნიორული ურთიერთობები დამყარდა, რომლის მიზანია მეგობრული თანამშრომლობა და მოსწავლეთა რეგულარული გაცვლითი პროექტების ხელშეწყობა. ეს თანამშრომლობა ევროპის გამთლიანების პროცესის ფარგლებში წარიმართება და ხელს შეუწყობს გერმანელი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობების გაღრმავებას, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას.

თბილისის N21-ე საჯარო სკოლის წარმომადგენელთა ვიზიტი გერმანიაში 2014 წლის მარტში შედგა, სადაც გადაწყდა გაფორმებულიყო ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. გერმანიის მხარემ, რომელიც წარმოდგენილი იყო ჰომბურგის ზაარპფალცის გიმნაზიის დირექტორის, მერიის განათლების კურატორისა და განათლების სამინისტროს სახით,  მემორანდუმს უკვე მოაწერა ხელი. ქართული მხარის მიერ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი კი, დღეს თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. დოკუმენტის ერთ-ერთი ხელმომწერია საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

ღონისძიებას დაესწრნენ - ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლების კომიტეტის წევრები, გერმანიის ელჩის მოადგილე  საქართველოში და სხვა საპატიო სტუმარი.