კახეთის რეგიონის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დასაჩუქრდნენ
09.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 213 მეათეკლასელი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. ღონისძიება დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მგოსანის დაბადების დღეს, 8 ნოემბერს გაიმართა.

წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1626 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება. 2014 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდებს წარმატების მიღწევის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.