ესტონელი საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით გრძელდება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია
14.11.2014
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი, რომელსაც აქტიურ პარტნიორობას უწევენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათი ხელშეწყობით ესტონეთის განათლების სამინისტროს ფონდ „ინოვეს“ ექსპერტები საქართველოს უკვე მეორედ ეწვივნენ.

ესტონელ საერთაშორისო ექსპერტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უმასპინძლა. დაწყებითი საფეხურის V-VI კლასების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის ფარგლებში, დეპარტამენტის ყველა საგნობრივ ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები წარიმართა ორი მიმართულებით: 1. არსებული საგნობრივი სტანდარტების განხილვა; 2. საკლასო შეფასებები საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ვიზიტის ფარგლებში, ესტონელი ექსპერტები გორის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდნენ და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთის სასწავლო გეგმის სპეციფიკა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრინციპებზე, რაც ორივე ქვეყნის სასწავლო გეგმას ახასიათებს. გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის ექსპერტებმა პედაგოგებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები წარუდგინეს.

ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი ამ ეტაპზე დაწყებით საფეხურს მოიცავს. თანამშრომლობა გაგრძელდება საბაზო და საშუალო საფეხურების საგნობრივი სტანდარტების რევიზიის, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ჩარჩოს შემუშავების და ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ინტერაქტიული პორტალის განვითარების პროცესშიც.