MCC-ის 30 მილიოინი აშშ დოლარი ამერიკული საბაკალავრო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოში
13.12.2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის, საშუალი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისა და სკოლის დირექტორებისთვის აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროექტის დეტალების გაცნობა.

აღნიშნულ პროექტს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტისგან შემდგარი კონსორციუმი განახორციელებს. შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.  პროექტის ბიუჯეტია 30 მილიონი აშშ დოლარი.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი სამეტაპიანი საერთაშორისო ტენდერის შედეგად შეირჩა.  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში 2014-2015 სასწავლო წლიდან შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს:

  • ელექტრული ინჟინერიის, ქიმიის (ბიოქიმიის კონცენტრაცია), და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობებში.
  • ელექტრული ინჟინერიის, კომპიუტერული ინჟინერიის და  სამოქალაქო მშენებლობის საბაკალავრო პროგრამები.
  • კომპიუტერული ინჟინერიის (მიკროელექტრონიკა), ელექტრული ინჟინერიის და სამოქალაქო მშენებლობის პროგრამები. 

პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ დაიწყო 2014 წელს და ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების შედეგად.