საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი დაიწყო
02.03.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფარგლებში, დონორ ორგანიზაციასთან ერთად “სხივი XXI”,  სკოლების კომპიუტერიზაციის ახალ პროექტს ახორციელებს.

კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი  სკოლებისათვის ისეთი კომპიუტერული ტექნიკის გადაცემას ითვალისწინებს, რომლის მახასიათებლებიც სრულად მიესადაგება თანამედროვე მოთხოვნებს.  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 136-ე საჯარო სკოლას ეწვია და პროექტის ფარგლებში 13 კომპიუტერი გადასცა.  მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალი კომპიუტერული პროგრამების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა არ იძლევა საშუალებას ყველა სკოლას ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ახალი კომპიუტერული პროგრამები კი, მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ  საგნობრივი ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლონ და სრულყოფილი დაკვირვებები და ცდები ჩაატარონ, ოპერატიულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია.

 საქართველოს საჯარო სკოლებში დონორი ორგანიზაციის “სხივი XXI” დახმარებით სულ 2,720  კომპიუტერის გადაცემა განხორციელდება. ორგანიზაციამ ”სხივი XXI” თავად უზრუნველყო კომპიუტერებისათვის ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა Windows-ის შეძენა.

 პროექტის განხორციელების შედეგად, საჯარო სკოლებში შეფარდება (მოსწავლე/კომპიუტერი)  შემდეგნაირად გადანაწილდა და საშუალოდ 20 მოსწავლეზე შეადგენს 1 კომპიუტერს, კომპიუტერების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 29,240 ერთეულს.

 

შეფარდება
(მოსწავლე/კომპიუტერი)
სკოლების
რაოდენობა
20/1 1541
21/1 242
22/1 134
23/1 134
24/1 68
25/1 178
25 და ზევით 52

სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის პარალელურად, გრძელდება სკოლების ინტერნეტით უზრუნველყოფაც. 2010 წლის ბოლოს ინტერნეტით   მინიმუმ 1428 საჯარო სკოლა და საგანმანათლებლო რესურცენტრი იქნება უზრუნველყოფილი.  შედეგად, ინტერნეტით სარგებლობა მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 75%–ს შეეძლება. 2011 წლის გაზაფხულზე კი ყველა საჯარო სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება.