„მომავლის თაობა“ - სამოქალაქო განათლების ახალი პროექტი
10.03.2015
2015 წლის 10 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობა“ მრჩეველთა კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ორგანიზაცია PH International-საქართველოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და საქართველოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ალიანსის წარმომადგენლებმა.    

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მხარეებისთვის ინფორმაციის გაზიარება და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება. 

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას გაუწევს 480 საჯარო სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებსა და სხვა სასწავლო რესურსებს, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, პროგრამა მხარს უჭერს მოსწავლეებს და  პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.