საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად ადიგენის რაიონის სოფელ არალში
საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო.
ადიგენის რაიონის სოფელ
არალში სკოლა საუკუნოვან ხის შენობაში ფუნქციონირებდა. სკოლის გამო სოფელს ბევრი ოჯახი ტოვებდა, ახალი სკოლის
მშენებლობა კი, სოფლის მოსახლეობისთვის აუხდენელ ოცნებად მიიჩნეოდა. რამდენიმე კვირაა
სოფელში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 200-მდე მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა,
სპორტული და სააქტო დარბაზები თავისი დამხმარე სათავსოებით, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი,
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები, ღია სპორტული
მოედანი. შენობა ასევე იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლის მთელი ტერიტორია გამწვანდება და კეთილმოეწყობა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
60-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 40-მდე სკოლის გაზიფიცირება განხორციელდა,
ახალქალაქის რაიონის სოფელ ბუღაშენში ახალი, თანამედროვე სკოლა აშენდა. მიმდინარე წელს
30 სკოლის რეაბილიტაცია და ერთი სკოლის მშენებლობა განხორციელდება, გარდა ამისა ათობით
სკოლაში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა. ასევე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.