ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი შემუშავდება
16.03.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტისა და ლიცენზირების წესთან დაკავშირებით სხვადსხვა სახელწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო განათლების სისტემაში შემავალი სკოლა-პანსიონების სააღმზრდელო ნაწილის ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის საორიენტაციო ჩარჩოსა და პანსიონური მომსახურების ლიცენზიის გაცემის წესის ძირითადი საკითხების შეთანხმება, ვინაიდან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #66 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტი ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ“ არ ვრცელდება განათლების სისტემაში არსებულ სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზირებულ დაწესებულებებზე. მხარეები შეთანხმდნენ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე, რათა მოხდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი ჩარჩოს შენარჩუნება და ზრუნვის სტანდარტი სპეციფიკის გათვალისწინებით გავრცელდეს ყველა სკოლა-პანსიონზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური, გიორგი შარვაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, სახალხო დამცველის აპარატის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლები.