ახალი სქემის გაცნობა რეგიონებში გრძელდება
20.03.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალ სქემა ამჯერად, იმერეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში შეკრებილმა აუდიტორიამ სრული ინფორმაცია მიიღო მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, იმაზე თუ რა არის ახალი სისტემის მიზანი, დანიშნულება და რა შედეგზე გაგვიყვანს.

სქემა ხარისხიანი განათლების დამკვიდრებას ემსახურება და თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება. გარდა იმასა, რომ ახალი სქემა პედაგოგთა კვალიფიკაციას აამაღლებს, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა სტატუსის შესაბამისად, აისახება მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე, რაც პროფესიაში ახალგაზრდების მოსაზიდად ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტიმულად იქცევა.