განათლების სამინისტროსა და World Vision-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
03.04.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „World Vision”-ს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და World Vision საქართველოს პროგრამების დირექტორმა ეკა ჟვანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და WVG-ს შორის თანამშრომლობა და სკოლამდელი განათლების სფეროს მხარდასაჭერად ერთობლივი პროექტების განხორციელება მომავალი სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • სასკოლო მზაობის პროგრამის შექმნის პროცესის მხარდაჭერა;
  • ადრეული, სკოლამდელი და სასკოლო მზაობის განათლების და განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის პროცესის მხარდაჭერა;
  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მხარდაჭერა;
  • საქართველოს რეგიონებში სასკოლო მზაობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ხელშეწყობა;
  • ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სასკოლო მზაობის ხელშეწყობა;
  • ადრეული, სკოლამდელი და სასკოლო მზაობის სექტორის მხარდასაჭერად მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია „World Vision“ საქართველო აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლამდელი განათლების სფეროს  მხარდასაჭერად განხორციელებულ  ღონისძიებებში. კერძოდ, სასკოლო მზაობის პროგრამისა და ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და განვითარების სტრატეგიის მომზადების პროცესში, სფეროს სპეციალისტებისათვის გამართული სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზების, საქართველოს რეგიონებში სკოლამდელი განათლების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაში.