პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისიამ ანგარიში წარმოადგინა
04.05.2015
საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელმა კომისიამ  ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. წარდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პარლამენტარები, დიპლომატები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისია 2012 წელს დაფუძნდა და მან ყველა ის ასეულობით უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის განცხადება შეისწავლა, რომლებმაც სამინისტროს მომართეს. მოქალაქეთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს და ამ დამოკიდებულებას სისტუმური ხასიათი ჰქონდა.

სპეციალური კომისია დაკომპლექტებული იყო საქართველოს სახალხო დამცველისა და იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც გამოირჩეოდნენ განათლების სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი კვალიფიკაციით.  კომისიის კომპეტენციაში შედიოდა 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე - 2012 წლის 14 დეკემბრამდე - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შესწავლა, შეფასება და კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის რეკომენდაციების შემუშავება. კომისია ორი წლის განმავლობაში პერიოდულად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას გაწეული სამუშაოს შესახებ.

კომისიის მიერ საქართველოს მასშტაბით შემოსული განცხადებების განხილვის, შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა განათლების სისტემაში არსებული სხვადასხვა სისტემური ხასიათის  პრობლემა, კერძოდ:

  • პოლიტიკური შეხედულებების გამო ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები
  • სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლა სამსახურის დატოვების მიზნით; საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ან/და პოლიტიკურად არასაიმედო პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების მიზნით;
  •  სკოლების შემოწმების დროს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შერჩევითი მიდგომა, რომლის მიზანი იყო არასასურველი დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლება;
  •  მოქმედი კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია სამინისტროს მხრიდან არასასურველი კადრების გათავისუფლების მიზნით (საატესტატო გამოცდების შედეგების გათვალისწინება, საგაკვეთილო საათების განაწილება, არასერტიფიცირებული პედაგოგების გათავისუფლება და სხვა);
  • სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებში დასაქმებულთა მიერ პროფესიულ კავშირებში საკუთარი არჩევანისამებრ გაერთიანების უფლების შეზღუდვა;
  • ცალკეული უწყებების მიერ სკოლის ავტონომიურობის პრინციპის დარღვევა.

შეიძლება ითქვას, რომ კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლინდა როგორც პოლიტიკური შეხედულებების გამო ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, ასევე, სხვადასხვა სახის კანონდარღვევის შემთხვევები, რომლებიც დამკვიდრებული იყო სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში. აღნიშნულმა განაპირობა, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევა და, მეორე მხრივ, უარყოფითი გავლენა მოახდინა განათლების სფეროში განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად განხორციელებაზე.