არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის” კამპანიის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ მოსწავლეთა ნახატების ერთობლივი კონკურსი გამოაცხადა თემაზე ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”.
კონკურსი პირველ ეტაპზე თბილისის საჯარო სკოლებში ჩატარდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თბილისის №10 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს კონკურსის მიზნები და პირობები პირადად გააცნეს.
კონკურსი ორ თვეს გასტანს და მასში დედაქალაქის გარდა ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონი ჩაერთვება. თბილისის სკოლებში ნახატების შიდა სასკოლო შერჩევა 14 მარტამდე მოხდება. საუკეთესო ნახატებს სკოლის საორგანიზაციო საბჭოები გამოავლენენ, რომლის შემადენლობაში მოსწავლეებიც იქნებიან.
რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებულ ნახატებს სპეციალური კომისია განიხილავს. პრიზიორები დაჯილდოვდებიან სიგელებით, I ადგილზე გასული ნახატის ავტორი მიიღებს პორტატულ კომპიუტერს.
კონკურსის წესით შეირჩა ახალი პროექტის დევიზი - ”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”, მისი ავტორი თბილისის 54-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი თინათინ ყიფიანია, იგი სლოგანისათვის პორტატული კომპიუტერით დაჯილდოვდა.