დღეს, სამინისტროში კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ ერთობლივად განიხილეს შერჩეული სპექტაკლები. შეხვედრაზე კომისიამ ფრაგმენტულად განმეორებით ნახა სპექტაკლები და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, I, II, III ადგილების მფლობელი და ჟიურის მიერ დაწესებულ ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები გამოავლინა.
გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენი სკოლები წამახალისებელ სიგელებს მიიღებენ.
ფესტივალის მიზანი იყო ვაჟა-ფშაველას ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება. ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს არაუმეტეს 5 სპექტაკლისა, რომლებიც საჯაროდ დაიდგა მუნიციპალიტეტის დონეზე და მათ შორის 1 საუკეთესო სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი სამინისტროში გამოიგზავნა.
სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შედგება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების, ისე პროფესიონალი და ცნობადი სახეებისაგან (გოგი დოლიძე, ანი მიროტაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მიხო მოსულიშვილი, მზია არაბული, გოდერძი შარაშია, ლელა რაზიკაშვილი) დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად, 17 სპექტაკლი გამოვლინდა.