დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის სფეროში მიღწეული შედეგები შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კიდევ ერთხელ დაასახელა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატებაში დავით სერგეენკოს განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის სახელმწიფოს ყურადღების გარეშე, ყველას შეუძლია სამედიცინო მომსახურების მიღება და ჯანდაცვის სექტორისთვის სახელმწიფო დაფინანსების უპრეცედენტო ზრდა ამ მიზანს ემსახურება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ წელიწადში თითქმის 20 პროცენტით შემცირდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე. ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე. 2010 წელთან შედარებით, 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა უფრო ხშირად აკითხავს ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელს და შემცირებულია თვითმკურნალობის ხარჯები; განახევრდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხების უქონლობის გამო, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ათასობით ადამიანი ვერ მიდიოდა ექიმთან, რადგან არ ჰქონდათ ელემენტარული ხარჯები. ხშირ შემთხვევაში მათ უწევდათ საკუთარი სახლის ან ავტომობილის გაყიდვა, რომ ელემენტარული ოპერაცია გაეკეთებინათ. საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და გვიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ. ასევე, გაიზარდა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს წინსვლა ჩვენს რეგიონებში, სოფლებში“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის 24-საათიანი მუშაობის შედეგია.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დღეს ხალხს აქვს იმედი, რომ გვერდით უდგას სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აღებულ კურსს ბოლომდე მიჰყვება და წარმატებით განახორციელებს ყველა პროექტს, რომელიც ქვეყანაში ჯანდაცვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ
სანიკიძე, მთავრობის სხვა წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.