თანამედროვე სტანდარტების პროეფესიული კოლეჯი სოფელ ჯვარში
08.07.2015
წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში აქტიურ ფაზაშია შესული პროფესიული კოლეჯის „ლაკადა“ სრული რეაბილიტაციის პროცესი. მორიგი თანამედროვე სტანდარტების  პროფესიული სასწავლო დაწესებულება სექტემბრიდან განახლებული ინფრასტრუქტურით გააგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციასთან ერთად, კოლეჯში განახლდება სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით.

პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს; რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით; ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის  შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  

სასწავლებელში ხორციელდება  შემდეგი სასწავლო პროგრამები: კალატოზი; მეფილე–მომპირკეთებელი; ძრავის შემკეთებელი; ელექტრიკოსი; ღონისძიებათა მომწყობი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; კონდიტერი; თექის ხელოსანი; მებათქაშე; კოპიუტერის მომხმარებელი; მღებავი; შემდუღებელი. კოლეჯს გააჩნია სასწავლო ლაბორატორიები შემდეგი სპეციალობებისთვის: —ავტომობილის ძრავის შემკეთებელი, კონდიტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სახელოსნო და სხვ.

სოფელი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად,  კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია.