სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა
17.07.2015
წელს პირველად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიურ შეჯიბრებებში 11 ქალაქის - თბილისის, ბათუმის, მცხეთის, გორის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის და ამბროლაურის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

სასკოლო გუნდები ერთმანეთს სპორტის 4 სახეობაში - კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მინი ფეხბურთსა და მძლეოსნობაში ეჯიბრებოდნენ. სასკოლო სპორტული ოლიპიადა წარმატებით მიმდინარეობდა და „მომავლის ბანაკში“  ოლიმპიადის ფინალური ტურნირით დასრულდა. აქვე გაიმართა გამარჯვებული გუნდებისა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა დააჯილდოეს.

ფინალში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღებენ, რომელიც ხორვატიაში, ესტონეთში, ისრაელსა და უნგრეთში გაიმართება.

სასკოლო სპორტული ოლიპიადის პროექტი საპილოტე იყო და ამ მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი პოპულარული გახდა და მან სპორტით მოსწვლეთა  დიდი დაინტერესება გამოიწვია,  მომავალ წელს უფრო მასშტაბური გახდება და ოლიმპიადაში საქართველოს ყველა სკოლა ჩაერთვება.

იხილეთ ინფორმაცია გამარჯვებული გუნდების შესახებ