პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურული პროექტები
06.08.2015

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას. ამჯერად, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავლებლებში 2013 წლიდან დღემდე  განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებას საქართველოში სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თანამედროვე სტანდარტების კოლეჯებში ასაკის შეუზღუდავად ყველა მსურველს შეუძლია დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად ნებისმიერ პროფესიას და დასაქმდეს. იმისათვის, რომ სწავლების ხარისხი იყოს მაღალი და შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან შეიცვალა მიდგომები, საკანონმდებლო ბაზა, გადაიხედა და დაიხვეწა პროგრამები. ახალი სტრატეგიის ფარგლებში აუცილებელი გახდა შესაბამისი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, რაც არსებული კოლეჯების რეაბილიტაციას და მათ მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ  რეაბილიტაციის პროცესში მიმდინარეობს შენობების ადაპტაცია ინკლუზიური პროფესიული განათლების სრულფასოვნად განხორციელებისათვის.

პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის გაძლიერების მიზნით, ფუძნდება ახალი სასწავლებლები და  ფილიალები.

2013–2015 წლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 9 პროფესიულ სასწავლებელში (5 607 772 ლ); ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას (1 977 189ლ); აშენდა – 1 საერთო საცხოვრებელი და  1 სასწავლო კორპუსი (3 472 950ლ);

2015 წელს 14 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო კოლეჯებში, (მათ შორის ორ ახლადდაფუძნებულ სასწავლებელში) ფილიალებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში – იგულისხმება საპროექტო, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და შშმ პირთათვის შენობების ადაპტირებითი სამუშაობი, ასევე სახელოსნოების გამართვა, აღჭურვა და სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიების მოწყობა.

პროფესიული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და   მოდულური პროგრამების დანერგვის მიზნით, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 26 დაწესებულებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად 2 637 321 ლარი დაიხარჯება.

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, ამას მოწმობს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი.