„სპექტრის“ სტუდენტებმა ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაასრულეს
10.08.2015
პროფესიულ კოლეჯში „სპექტრი“ სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია დაასრულეს. ბიბლიოთეკა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისათვის და აღჭურვილია კოლეჯში მიმდინარე პროგრამებისათვის განკუთვნილი თანამედროვე სახელმძღვანელოებით, აქვე ფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკა. თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა.

ბიბლიოთეკისათვის განკუთვნილ ინვენტარსა და ინფრასტრუქტურაზე კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა იმუშავეს. ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია პროექტორი და ხმის აპარატურა.

ბიბლიოთეკის განახლება კოლეჯის ინიციატივით განხორციელდა და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის სასიამოვნო გარემოს შექმნას, ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სსსმ/შშმ პირებისათვის სოციალურ ინტეგრირებას.

აღსანიშნავია, რომ თამარ სანიკიძის მხარდაჭერით, ახალი ბიბლიოთეკის სერვისმენეჯერი კოლეჯის კურსდამთავრებული, ეტლით მოსარგებლე დიანა ჯიშიაშვილი იქნება. დიანამ სპექტრში ქსელური სისტემების ტექნიკოსის სპეციალობა შეისწავლა და ვებგვერდის ადმინისტრატორის ფუნქციასაც ითავსებს. დიანასათვის და ყველა შშმ პირისთვის კოლეჯში სპეციალური საგანმანათლებლო პირობებია უზრუნველყოფილი.