მზადება ახალი სასწავლო წლისთვის
20.08.2015
ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურ  ფაზაშია. უმრავლეს საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, ძირითადად დასრულებულია არსებული სახელმძღვანელოების დახარისხება. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე  სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს. პაკეტი მოიცავს როგორც მაღალი ქულით შეფასებულ, უკვე გამოყენებულ სახელმძღვანელოებს ასევე, ახალ წიგნებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო არსებული სახელმძღვანელოების მდგომარეობას, დაინტერესდა როგორ მიდის მზადება ახალი სასწავლო წლისთვის და რა საჭიროებები აქვთ სკოლებს.

„მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სასკოლო სახელმძღვანელოები, ახალი სასწავლო წლიდანაც წარმატებით განხორციელდება, ყველა მოსწავლეს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება და აღარ ექნებათ სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემა.