ქართული აკადემიური საზოგადოება სიახლეებს ეცნობა
04.09.2015

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  ორდღიანი კონფერენცია იმართება, სადაც  ქართული აკადემიური საზოგადოება უცხოელ (პირველ რიგში ევროპელ) პარტნიორებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ახალ პრინციპებს ეცნობა. კონფერენციას სახელწოდებით „ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები: შესაძლებლობები და პრაქტიკული რჩევები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრება.

კონფერენციის ორგანიზატორია Erasmus+ ეროვნული ოფისი. კონფერენციას უძღვებიან ექსპერტები ნიდერლანდებიდან როზა ბეკერი და ფინეთიდან ანიკა ზუნდბერგ-ლინდოორი.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს 32 უნივერსიტეტის 58 წარმომადგენელი, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ერთობლივი ან ორმაგი აკადემიური ხარისხების მინიჭების პირობები
  • ერთპობლივი პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა
  • ერთობლივი პროგრამების აღიარება
  • საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მზაობა ერთობლივი პროგრამების განხორციელებისათვის და ა.შ.

კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ გამოქვეყნდა Erasmus+ სტუდენტთა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების კონკურსის პირველადი შედეგები. საქართველო სტიპენდიების რაოდენობის მხრივ 74 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა! რაც იმას ნიშნავს, რომ 350 სტუდენტი და 188 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი მიიღებს სტიპენდიას ევროპაში მოკლევადიანი სწავლის/მუშაობისათვის. საქართველო, თავის მხრივ, უმასპინძლებს 53 ევროპელ სტუდენტსა და 93 პროფესორ–მასწავლებელს. 

Erasmus+ არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთანავე, Erasmus+ ხელს უწყობს ევროპის უნივერსტეტებსა და მესამე ქვეყნების უნივერსტეტებს შორის თანამშრომლობას.