14 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ რექტორიმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს. ღოსნისძიებას სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი, ვენერა
ცერცვაძე სტიპენდიით დააჯილდოვა. სტიპენდიატი რექტორის
ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს. ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდებიან სტუდენტების მიერ შერჩეული
2014-2015 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგები, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები
გადაეცემათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 3600-მდე პირველკურსელი ისწავლის. ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელსაც ლიდერი იყო როგორც
აბიტურიენტთა N1 არჩევანი, ასევე საერთო მოთხოვნის კუთხითაც. 39 ათასი აბიტურიენტიდან
10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა სწორედ თსუ შემოხაზა როგორც უპირველესი არჩევანი. თსუ
7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
უნივერსიტეტში დღეისთვის მოქმედებს 212 აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამა. მათ შორის: საბაკალავრო-65, ერთსაფეხურიანი-3, სამაგისტრო-90, სადოქტორო- 42, პროფესიული -9. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა -3. ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს უცხოენოვანი
და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.