პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 27 სექტემბერს სრულდება
24.09.2015
მიმდინარე წლის 27 სექტემბერს სრულდება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია. საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ყოველდღიურად ასობით ადამიანი რეგისტრირდება მათთვის სასურველ პროგრამაზე. არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს.

რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებრივ კოლეჯში - IT აკადემია,  IT აკადემია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბაზაზე ფუნქციონირებს, იგი ერთ-ერთი პრესტიჟული პროფესიული სასწავლებელია საქართველოში, სადაც სწავლის მსურველთა მოთხოვნა სამჯერ აჭარბებს მისაღებ რაოდენობას.

კოლეჯში მიღება ხორციელდება ისეთ მოთხოვნად პროფესიებზე როგორიცაა – ვებ ტექნოლოგიები, კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია, კომპიუტერული ინჟინერია, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯში ფუნქციონირებს Cisco-ს რეგიონალური და საქართველოში პირველი Microsoft –ის აკადემიები, რომლის ფარგლებში, საოფისე პროგრამების ავტორიზებული კურსების გავლა არის შესაძლებელი. კოლეჯში ასევე ყველა პირობაა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მისაღებად, შესაბამისად, სსსმ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

IT აკადემიის ყველა სტუდენტი სტაჟირებას და პრაკტიკას გადის როგორც სახელმწიფო ისე, კერძო სექტორში. კოლეჯი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ამ ორგანიზაციებში პრაქტიკის გავლის შემდეგ, სტუდენტებს დასაქმების დიდი შანსი აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ კოლეჯში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან ცნობილი და წარმატებული კერძო კომპანიების წარმომადგენლები.