16-დან 20-წლამდე ასაკის ახალგარზდებს შორის ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსი ჩატარდა თემაზე: Speculation on Our Future.
პირველი ტური 10 მარტს გაიმართა და მასში 100-მდე მსურველმა მიიღო მონაწილეობა. 11 მარტს, მეორე ტურში გასულ 10 მონაწილეს შორის ორი ფინალისტი გამოვლინდა - ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე ქეთევან წერეთელი და რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი მარიამ ბალაბუევა. ისინი დასკვნით ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში გაემგზავრებიან. საბოლოო გამარჯვებულს პრიზს ბუკინგემის სასახლეში თვით პრინცი ფილიპი გადასცემს.
საჯარო მეტყველებაში ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი პოლ დაბლდეი, HSBC ბანკის დირექტორი გაი ლუისი, BP-ის დირექტორი ნილ დანი და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ.
კონკურსის ორგანიზატორი „ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირის“ (The English – Speaking Union), საქართველოს წარმომადგენლობაა. „ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირში-ESU” მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის საქართველოც (1998 წლიდან). ორგანიზაცია ინგლისური ენის საშუალებით მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ემსახურება და მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი - ედინბურგის ჰერცოგი პრინცი ფილიპი. გარკვეულ პერიოდში ESU-ს თავმჯდომარე სერ იუნსტონ ჩერჩილი იყო.
ESU - Georgia ყოველწლიურად ატარებს კონკურსს ინგლისურ ენაზე საჯარო მეტყველებაში 16-დან 20-წლამდე ასაკის ახალგარზდებს შორის მთელი საქართველოს მასშტაბით.