სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
07.10.2015
სამეცნიერო სფეროში საქართველოსა და გერმანიის ოცწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს. ამას წინ უძღვოდა სამინიტროსა და იულიხის ცენტრს შორის განზრახულობათა ოქმის ხელმოწერა, რომლითაც მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ „კატუტელის“ პროგრამის ფარგლებში ქართველი დოქტორანტებისთვის ორი (ქართული და გერმანული) სადოქტონო ხარისხის მინიჭებას.

დღესვე, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის. ფონდის მიზნობრივი პროგრამის დაფინანსებით, 2017 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმში შემავალ უნივერისტეტებში ე.წ. SMART|EDM_lab ლაბორატორია დაარსდება და მას საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი წარუძღვება, რომელიც იულიხის ცენტრის მკვლევარებთან უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კავშირებს გააღრმავებს.

SMART|EDM_lab ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით ლაბორატორიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმსა და იულიხის კვლევითი ცენტრის გარკვეული ინსტიტუტების შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება. SMART|EDM_lab-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, რომლის თანახმად, პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი მეცნიერები.

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრებს თსუ-ს, სტუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები წარმოადგენენ, ხოლო იულიხის ცენტრის მხარეს ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM), იულიხის ნეიტრონული მეცნიერების ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი (ZEA) .

შეთანხმების თანახმად, ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების წარმართვას მხარეები უზრუნველყოფენ.

SMARTlab ების დაფუძნება, არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევის დონის ამაღლებასა და ახალგაზრდების მოზიდვას შეუწყობს ხელს, არამედ ეს არის უნიკალური შანსია, რათა მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში მოღვაზე წარმატებულ ქართველ მეცნიერებს საშუალება მიეცეთ სამშობლოში აწარმოონ სამეცნიერო კვლევები.