„სასკოლო მზაობის პროგრამაზე“ რეგისტრაცია იწყება
12.10.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "სასკოლო მზაობის პროგრამაზე" რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. "სასკოლო მზაობის პროგრამაზე" დარეგისტრირება 12 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.

"სასკოლო მზაობის პროგრამა", რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას ეფუძნება, 5-6 წლის ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავება, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარება.

პროგრამა, რომელიც 30 კვირის განმავლობაში, დღეში 3 საათიან დატვირთვას ითვალისწინებს, საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფებში განხორციელდება, ის ბავშვები კი, რომლებიც ბაღში არ დადიან, საჯარო სკოლებში, სპეციალურად გახსნილ ჯგუფებში მოემზადებიან.

"სასკოლო მზაობის პროგრამა", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა და დედაქალაქის 159-ვე ბაღში განხორციელდება. ამასთან, შეიქმნა აღმზრდელის სახელმძღვანელო (გზამკლევი) და "სასკოლო მზაობის პროგრამის ყოველკვირეული აქტივობების კრებული, ასევე, შემუშავდა მასწავლებლების სატრენინგო მოდული.

ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროგრამის ეფექტურად წარმართვისა  და დანერგვის მონიტორინგს უზრუნველყოფს.  მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, პროგრამა საჭიროებების მიხედვით დაიხვეწება.

დედაქალაქის მერიაში გამართულ პრესკონფერენციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის საგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავაც ესწრებოდა.